მისია

„ათწლედის“ სახელით ცნობილი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა, რომელსაც განსაკუთრებული მისია აკისრია საქართველოში კლასიკური მუსიკის განვითარების საქმეში, დღიდან დაარსებისა, წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო დაწესებულებას (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) და ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. „ნიჭიერთა ათწლედი“ -ს სახელით ცნობილ ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში მრავალი წლის განმავლობაში აღიზარდა მომავალ კომპოზიტორთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, მუსიკისმცოდნეთა მრავალი თაობა, რომელთა მოღვაწეობამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოს მუსიკალური კულტურის განვითარებასა და მის საერთაშირისო აღიარებაში. ბევრი მათგანი დღეს წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს პრესტიჟულ საგანმანათლებლო, ხმის ჩამწერ, საკონცერტო დაწესებულებებთან, თეატრებთან თუ მუსიკალური ხელოვნების სხვა მნიშვნელოვან კერებთან. საკმაოდ რთულია რამდენიმე სიტყვით შეაფასო კურსდამთავრებულთა ღვაწლი ან, თუნდაც, ჩამოთვალო ისინი, ვინაიდან საქართველოს ყველა სახელოვანი მუსიკოსი და მსოფლიოს დღევანდელ მუსიკალურ სამყაროში აღიარებული შემსრულებელი, ძირითადად, „ნიჭიერთა ათწლედი“-ს აღზრდილია. თითოეული მათგანი ამაყობს ამით და საკუთარ თავს „ათწლედელს“ უწოდებს. მართებული იქნება ამთავითვე გაეცეს პასუხი ხშირად დასმულ კითხვას: რატომ „ათწლედი“?, მაშინ როცა დღეს სასწავლებელში სწავლის ხანგრძლივობა 12 წელია? ზ.ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში სწავლის ხანგრძლივობა უშუალო კავშირშია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის ხანგრძლივობასთან. აქედან გამომდინარე, სასწავლებელი მუშაობდა ჯერ 10 წლიანი, შემდგომ 11 წლიანი, ამჟამად კი - 12 წლიანი სასწავლო გეგმებით. თუმცა, თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებებისა და შესაბამისად, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიებისთვის, სასწავლებელს შემუშავებული აქვს განსხვავებული ხანგრძლივობის სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამები. ამასთან, საბჭოთა პერიოდის მკაცრად განსაზღვრული სტანდარტებისგან განსხვავებით, სასწავლებლის პროგრამები აღარ არის გაყინული, მათი განახლებისა და სრულყოფის ცოცხალი, საინტერესო, შემოქმედებითი პროცესი სასწავლებელში უწყვეტად მიმდინარეობს. რაც შეეხება „ნიჭიერთა ათწლედს“, საზოგადოების მეხსიერებაში მისი პირველი არაოფიაციალური სახელწოდების შემორჩენის ფაქტი, მზარდი პოპულარობის მქონე დაწესებულების ტრადიციის პატივისცემის გამოხატულებად უნდა აღვიქვათ. საქართველოსთვის ურთულესი წლების მიუხედავად, სასწავლებელმა, საკუთარ უნიკალურ რესურსზე დაყრდნობით, მაინც შესძლო აქტიური სამუშაო პროცესის წარმართვა. ჩვენს კურსდამთავრებულებთან მჭიდრო შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება დაგვეხმარა უფრო აქტიურად გამოგვეყენებინა მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების საშუალება. ამან შექმნა წინაპირობა იმისთვის, რომ დღეს უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა მასტერ-კლასების სისტემა. მსოფლიოს ბევრი საინტერესო მუსიკოსი და პროფესორი უკვე კარგად იცნობს არა მხოლოდ სასწავლებლის ცალკეულ პედაგოგსა თუ მოსწავლეს, არამედ სასწავლებლის პოტენციალს მთლიანად. ამიტომაც ისინი რეგულარულად ჩამოდიან საქართველოში და ატარებენ მასტერ-კლასებს სასწავლებელში, ხშირად იწვევენ ჩვენს მოსწავლეებს კონცერტების გასამართად ევროპაში. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სულ უფრო იზრდება კონკურსების სერიოზულობა (რაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია!) და ამ რთული და სერიოზული კონკურსებიდან ჩვენი მოსწავლეების კონცერტების გასამართად მიწვევის სტატისტიკა. ყოველივე ზემოაღნიშნული, ცხადია, ხელს უწყობს სასწავლებლის პოპულარობას, რაშიც განუზომელად დიდია „ნიჭიერთა ათწლედის“ კურსდამთავრებულთა წვლილი. სასწავლებელი ყოველთვის იყო და დღესაც არის პროფესიულად ორიენტირებული განათლების კერა. აქ სწავლობდნენ და სწავლობენ ადამიანები,რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემები. მათ კვლავ ასწავლიან სახელგანთქმული პედაგოგები და პროფესორები, რომლებსაც აქვთ 5 წლის ასაკიდან ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის უნიკალური გამოცდილება. ჩვენი კრედოა: შევქმნათ ისეთი შემოქმედებითი მიკროსამყარო, რომელიც მოამზადებს ახალგაზრდებს მომავალი წარმატებული საქმიანობისთვის, მისცემს თითოეულ მათგანს ისეთ პროფესიულ დატვირთვას, რომელიც შემოქმედებითი შესაძლებლობების მაქსიმალურად გახსნას ემსახურება და გარკვეულწილად თვითკმარ განათლებას იმისთვის, რომ იყოს წარმატებულად ორიენტირებული თუ სად და როგორ იმოძრაოს მის შემდგომ განვითარებაში. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სასწავლებელმა მაქსიმალურად შეუქმნა მოსწავლეებს პირობები იმისთვის, რომ მათ თავად სწორად და ზუსტად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, იქნება ეს სამშობლოში (კონსერვატორია, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი) თუ საზღვარგარეთ (ევროპისა თუ ამერიკის კონკრეტული უმაღლესი სკოლა). სასწავლებლის კურსდამთავრებულმა დანამდვილებით უკვე იცის მისი ყველა რესურსი. როგორ ვაღწევთ წარმატებას? ჩვენ ვინარჩუნებთ სასწავლებლის საუკეთესო ტრადიციებს ახალი პერსპექტივების ჭრილში.